დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები ისრაელში სამკურნალოდ მის გადაყვანას ითხოვენ.
როგორც პატიმრის დედამ განაცხადა, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
„არაფერი შეცვლილა ზუსტად იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელაღსრულება, ვთხოვ მომეხმარონ და გადამაყვანინო, გადამარჩენინო ბავშვი.გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – განაცხადა დაჭრილი პატიმრის დედამ, ნათია შენგელიამ.
ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.