ადვოკატი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით დააკავეს
ადვოკატი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით დააკავეს

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი თ.ა., რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით დააკავეს, რაიმე დანაშაულში მონაწილეობას გამორიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა, დავით დადიანმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ შეხვდა.

დავით დადიანის ინფორმაციით, დაკავებულ, თ.ა.-ს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ის რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს დღეს დაუდასტურეს, რომ რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი