ადვოკატი აცხადებს, რომ ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე ჯერ დაზარალებულებად არ არიან ცნობილნი
გამოძიებისგან ინფორმაცია მოწოდებული გვაქვს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით და ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის ლევან მამალაძის ინტერვიუ, – ამის შესახებ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ტვ პირველის“ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვის შემდეგ მათმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ჟურნალისტები შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ და მათ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული.
„მამალაძის ინტერვიუს გარდა, დანარჩენი მასალები ჩვენთვის არავის გაუცვნია, ამ საქმეზე არ ვართ დაზარალებულად ცნობილი და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ „დანაშაულისგან“, ჩვენთვის არის მინიმალური, ასე თვლიან გამოკითხული პირები. გამოძიებას მივეცით ჩვენება, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, იყო საკითხები, რომლებსაც ვერ ვუპასუხეთ, რადგან შეიძლება, დაკავშირებული ყოფილიყო ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
კერძოდ, ნოდარ მელაძეს ჰკითხეს კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის პერიოდებზე, რაც იყო დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან და არ ჩავთვალეთ საჭიროდ, გვეპასუხა გამოძიებისთვის, როდის შეიძლებოდა, ჰქონოდა ჟურნალისტს ამა თუ იმ რესპონდენტთან კომუნიკაცია. საუბარი იყო ლევან მამალაძეზე, კითხვები იყო დასმული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებითაც.
მამალაძესთან ნოდარს საერთოდ არ ჰქონია კომუნიკაცია, როგორც მახსოვს, არც როგორც რესპონდენტთან. კითხვებზე პასუხი იყო, რომ ასეთი კომუნიკაცია თუ არსებობდა, იარსებებდა ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის ფარგლებში და თავად ფაქტი ყოფილა თუ არა კომუნიკაცია, ესეც პროფესიული საიდუმლოა. კითხვა დავსვით სტატუსთან დაკავშირებით და პასუხად მივიღეთ, რომ ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე დაზარალებულები ჯერ არ არიან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ