პროკურორი ლაშა კოტრიკაძე - ნოდარ მელაძე უარს აცხადებს იმ ჩანაწერის მოწოდებაზე, რომლითაც გამოძიება შესაძლოა, სხვა დანაშაულზე, მათ შორის, შინაარსზე გავიდეს
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე - ნოდარ მელაძე უარს აცხადებს იმ ჩანაწერის მოწოდებაზე, რომლითაც გამოძიება შესაძლოა, სხვა დანაშაულზე, მათ შორის, შინაარსზე გავიდეს

ჩანაწერის მოწოდებით გამოძიება შესაძლოა, სხვა დანაშაულზე გავიდეს, მათ შორის შინაარსზე, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გამოძიება ჩანაწერების შინაარსობრივი მხარით არ ინტერესდება.

„გამომძიებელმა დასვა ყველა რელევანტური კითხვა, რაც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კითხვების უმეტესობაზე ნოდარ მელაძემ გამოიყენა სსკ-ის 50-ე მუხლი და პასუხი არ გასცა. კითხვები იყო როგორც ჩანაწერის წარმომავლობასთან, ასევე შინაარსთან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც დასაკითხი პირი პრეტენზიებს გამოთქვამს, რომ გამოძიება შინაარსს არ იძიებს, მან შინაარსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. არ არის სწორი, თითქოს გამოძიება შინაარსს არ იძიებს. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით და სწორედ ამიტომ გვინდა ეს აუდიოჩანაწერი, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ, საქმეზე კვალიფიკაცია ხელს არ უშლის გამოძიებას, რომ ყველა მიმართულებით იმუშაოს. ამ ჩანაწერის მოწოდებით გამოძიება შესაძლოა, სხვა დანაშაულზე გავიდეს, მათ შორის შინაარსზე“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ჩანაწერის სავარაუდო ფიგურანტებს, ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიების ინტერესებისთვის ვისი დაკითხვაც იქნება საჭირო, ყველა დაიკითხება.

„ჩვენ დღესაც მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით მივიღოთ ეს ჩანაწერი, მათ შორის იმ ფორმითაც, რომელმაც შეიძლება ვერ მოახდინოს წყაროს იდენტიფიცირება. ადამიანს, რომელსაც თანამშრომლობა უნდა გამოძიებასთან და შესაძლოა, სწორედ მისმა მოწოდებულმა ინფორმაციამ მიგვიყვანოს შინაარსობრივ მხარესთან, ეს ხელს არ უნდა უშლიდეს ჩანაწერების გადმოცემაში. ის ჩანაწერები იმისთვის გვჭირდება, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვოთ და ნოდარ მელაძის მიერ მოწოდებული ჩანაწერი შეიძლება გახდეს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კვაიფიკაციის შეცვლას ხომ მტკიცებულება სჭირდება“, – განაცხადა პროკურორმა.

ნოდარ მელაძისგან ჩანაწერის მოწოდება გვჭირდება, რათა შინაარსობრივი მიმართულებითაც ვიმუშაოთ