ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს.

„ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც ამ სამ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ აღკვეთის სახით პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლეს არ უნდა მიეღო. მოსამართლის განმარტებით, დანაშაულის სპეციფიკა ისეთი იყო, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები მიმალულიყვნენ და თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისგან. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და გავაგრძელებთ ბრალდებულების დაცვას, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან“, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

როგორც ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განაცხადა, მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც პროკურორს სურდა.

„სამართლებრივი არგუმენტები ამ საქმეში პატიმრობის გამოყენებისა არ არსებობს, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. აუცილებლად გავასაჩივრებთ. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ზემდგომი ინსანტაცია ამას შეცვლის, მაგრამ ჩვენ ამას გამოვიყენებთ. მოსამართლემ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც პროკურორს სურდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.