ადვოკატები ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ
ადვოკატები ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ

ადვოკატები მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის მიმართ 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

მათი თქმით, დაკავებულებს მედიის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და აქციის დროს ადგილი ჰქონდა თავად ჟურნალისტების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, ჟურნალისტებზე არ უძალადია. მისი თქმით, აღელვებიდან გამომდინარე ხელი ერთხელ მოიქნია და აღნიშნა, რომ მზად არის, ამის გამო პასუხი აგოს.

ამასთან, ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მეორე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა, რომ მისი მიზანი მოპედით ჟურნალისტებზე დაჯახება არ ყოფილა.

„რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მქონდა ადრე ინტერვიუ, შეგიძლიათ, ნახოთ, ხალხს მოვუწოდებდი, რომ თუ ვინმეს ხელი ან თითი არ აქვს, თქვენ უნდა იცხოვროთ და იამაყოთ, რომ ცოცხლები ხართ. ამიტომ ვარ დადებითად ჟურნალისტების მიმართ, ჩემს მეუღლესაც დამთავრებული აქვს ჟურნალსიტიკა და აქვს შეხება, მაგრამ ოთხი შვილის გამო დიასახლისობს. დედა მყავს ავადმყოფი და ყოველდღე წამლებს ვაწვდი, თიაქარი, შიდა ქალის წნევა აქვს. ორი წლის წინ მანქანამ დამარტყა, მიყურებთ, ხელი, მარცხენა ფეხი არ მაქვს.

რაც შეეხება მოპედს, სადაც შევვარდი ჟურნალისტებში, არ ყოფილა ის, რომ უნდა დავეჯახო. მეზობელს ვთხოვე მოპედი, რათა ბავშვისთვის საღამოს პური მიმეტანა. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მართავს, მიხვდება, რასაც ვამბობ. მოვცურდი, ვიდრე იქ მივიდოდი. მუხრუჭს ჰქონდა დაზიანება, ტორმუზის ტროსი იჭედებოდა, მაღალი გაზი უნდა მიმეცა, რომ წასულიყო მოტოციკლეტი. მივდიოდი იმისთვის, რომ თვალი მოვკარი ჩემს მოძღვარს და მინდოდა, მის მიმართ ჩემი პატივისცემა გამომეხატა. სადაც ჟურნალისტები იყვნენ, იქ მინდოდა ჩასვლა, თონე იყო. იქ გამექცა მოტოციკლეტი, გაზიც გაიჭედა.

ვყვიროდი და ვიგინებოდი, მივხვდი, ვეღარ ვაჩერებდი, გამეჭედა. პატრულმა დამიკავა და იქ შევვარდი, ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა, ისევ გაზი მივეცი, გადავწყვიტე, წრიულად დამეწვინა მოტოციკლეტი. თუ ვინმე თვლის, რომ ვიძალადე, მე ვაგებ პასუხს“, – განაცხადა ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე აღნიშნული სამი პირი 6 ივლისს დააკავა.