ადილ რამი პამელა ანდერსონის ბრალდებებს პასუხობს
მარსელის „ოლიმპიკის“ ცენტრალური მცველი ადილ რამი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა პამელა ანდერსონს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, – იუწყება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.
რამიმ და ანდერსონმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და შემდეგი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, მიმდინარე წელს კი კანადელმა მსახიობმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან კავშირი გაწყვიტა.
„ამდენი ხანი ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ მისმა სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა და გარდა ამისა, შეუძლებელია რამე თქვა და შენი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მოახდინონ“, – წერს ადილ რამი სოციალურ ქსელში. „თუმცა, გულში ბევრი რამ მაქვს დარჩენილი და გადავწყვიტე, ხმა ამოვიღო. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ქალების მიმართ ძალადობისადმი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. დაე, პროფესიონალებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მართალი“.