ადიგენის გოგონათა გუნდი 7x7 საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებულია #1TVSPORT
ადიგენის გოგონათა გუნდი 7x7 საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებულია #1TVSPORT

16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გამართულ ფინალურ ეტაპს ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზამ უმასპინძლა.

პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-სთან ერთად შეიმუშავა.

ფესტივალი 28 ივნისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში 400-მდე გოგონა მონაწილეობდა. ფესტივალის ფინალური ეტაპი, რომელიც ივლისის ბოლოს იყო დაგეგმილი, კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციებიდან გამომდინარე გადაიდო და ოქტომბერში გაიმართა.

ნახევარფინალურ მატჩში ხონის გუნდმა ბათუმი დაამარცხა, ხოლო ადიგენმა – თეთრიწყარო და ფესტივალის ფინალში გავიდნენ. ადიგენისა და ხონის გუნდების გადამწყვეტი შეხვედრა ადიგენის გოგონათა გუნდმა მოიგო და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ჩემპიონებს პრიზები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკო ხლაბუსტოვმა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და სფფ-ის ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა ქეთი ყიფიანმა გადასცეს.