ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი - საქართველოს ყველა პრიორიტეტი სწორად აქვს შერჩეული
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი - საქართველოს ყველა პრიორიტეტი სწორად აქვს შერჩეული

ყველა პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს, არის სწორად შერჩეული და საინტერესო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია იმართება.

სიცილიანოსი საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციას გახსნის, რომელიც ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებს მიეძღვნება.

„მექნება პატივი, გავხსნა დიდი კონფერენცია, რომელსაც თქვენ უწევთ ორგანიზებას გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების თემაზე. მინდა, მივულოცო საქართველოს ეს მოვლენა. მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე საქართველოში მაისის ბოლოს, თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვისას, საბჭოს მინისტერიალზე“, – განაცხადა მან.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ვადა წარმატებული იქნება.

„მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტობის ვადა წარმატებული იქნება და საქართველო გასწევს შესანიშნავ სამუშაოს. იმედია, გვექნება წარმატებული თანამშრომლობა, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა.

საქართველო დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა ერთ-ერთია იმ ოთხი პრიორიტეტიდან, რომელიც საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის განსაზღვრა. ამ პრიორიტეტის ფარგლებში, 2020 წლის 27 თებერვალს სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება.