ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა
ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

ომბუდსმენმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა „კოვიდ-19“ პანდემიიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრობლემაზე. ასევე, სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე პრობლემას წარმოადგენდა ძალადობრივი ინციდენტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლი, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლა და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დისბალანსის ფაქტების უდიდესი ნაწილის განუხილველობა.

ასევე, სახალხო დამცველის 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდა შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.

„2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა „კოვიდ-19“ და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდპაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსების საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრების უდიდესი ნაწილი განხილვის გარეშე დარჩა, ან არ დაკმაყოფილდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.

გასული წლის მსგავსად, 2020 წელი აქტუალური იყო შეკრების თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბის ათეულობით შეკრება-მანიფესტაცია გაიმართა.

სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მათი განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის იდენტიფიცირებადი იყო მათი პროფესიული სტატუსი და საქმიანობა.

სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული რეგულაციით დადგენილი სანქცია გამოყენებულ იქნა შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ. შესაბამისად, ნეგატიურად ვაფასებთ 9 ნოემბრის ღამეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შეკრების მიმდინარეობის დროს, 22:00 საათის შემდგომ პერიოდში მოქალაქეების დაჯარიმების შემთხვევებს.

გასული წლის მსგავსად, წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთ აქციაზე ადგილი ჰქონდა აქციაზე გათბობის მიზნით შეშის მიტანაში ხელშეშლის ფაქტებს. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კანონმდებლობის ზედაპირული და ბლანკეტური ინტერპრეტაცია ბოლო წლებში პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს უწყების მხრიდან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის სათანადოდ დასაბუთებას.

გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიება დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს. მოქალაქეზე ძალადობისთვის მხოლოდ სამი პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, რაც ამ დრომდე გაუზიარებელია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია თავის ანგარიშში ​ასევე საუბრობს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე, როგორებიც არის გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძის, დავით გარეჯის საქმეები.

დატოვე კომენტარი