ადამიანებზე ცდისას ადრეული დადებითი შედეგები COVID-19-ის კიდევ ერთმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ აჩვენა — #1TVმეცნიერება
ადამიანებზე ცდისას ადრეული დადებითი შედეგები COVID-19-ის კიდევ ერთმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ აჩვენა — #1TVმეცნიერება

გერმანული BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის, Pfizer-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილმა კორონავირუსის ვაქცინამ დადებითი ადრეული შედეგები აჩვენა.

BioNTech-ის ხელმძღვანელის, უგურ საჰინის ცნობით, ვაქცინამ, სახელად BNT162b1-ის დაბალმა დოზამ იმაზე ოდნავ მეტი ანტისხეულები წარმოქმნა, ვიდრე გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლშია.

ასეთი შედეგები კლინიკური ცდების 1/2 ფაზის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელთა მიზანიც იმის შემოწმებაა, რომ ვაქცინა ტოქსიკური არ არის და იწვევს იმუნური სისტემის პასუხს ორგანიზმის ვირუსთან შებრძოლების მოსამზადებლად.

ცდებში 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 ადამიანი მონაწილეობდა; მათ ვაქცინის ორი დოზა ან პლაცებო 21-დღიანი შუალედით გაუკეთეს.

შედეგები რეზენცირებამდელ სერვერ medrxiv.org-ზეა ატვირთული. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, მონაწილეთა შედარებით დიდ რიცხვს მეორე დოზის გაკეთების შემდეგ სიცხე მისცა, რაც მოულოდნელობას არ წარმოადგენს და შემაფერხებლად არ ითვლება.

ვაქცინა ეფუძნება ინფორმაციულ რნმ-ს, ანუ გენეტიკურ კოდს, რომელიც ადამიანის უჯრედებში შედის და მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას აიძულებს.

კლინიკური ცდების საწყისი ფაზების შედეგები უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოაქვეყნა; ყველა მათგანი აცხადებს, რომ ექსპერიმენტულმა ვაქცინებმა იმუნური სისტემის პასუხი გამოიწვია.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ინფორმაციით, ამჟამად ადამიანებზე კლინიკურ ცდებს COVID-19-ის 23 სხვადასხვა ვაქცინა გადის.

რამდენიმე მათგანი უკვე ცდების მეორე ან მესამე ფაზაშია, რომლის ფარგლებშიც ვაქცინა ათასობით მოხალისეს უკეთდება, რათა შემოწმდეს მათი ეფექტიანობა, დადგინდეს გვერდითი ეფექტები და შეგროვდეს მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია.

ცდების ყველაზე მოწინავე ფაზებში იმყოფება ამერიკული ბიოტექნოლოგიუროი კომპანია „მოდერნას“ ვაქცინა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ბრიტანულ-შვედურ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შექმნილი ვაქცინა და რამდენიმე ჩინური პროექტი.

მათ შორის არის კომპანია CanSinoBIO-ს ვაქცინა, რომელმაც უკვე მიიღო ნებართვა, რომ გაუკეთდეს ჩინელ ჯარისკაცებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი