ადამიანები ყოველდღიურად შოკისმომგვრელი რაოდენობის პლასტმასის ნაწილაკებს ვსუნთქავთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის თანახმად, დახურულ სივრცეში ადამიანები დღეში მიკროპლასტმასის 70 000-ზე მეტ ნაწილაკს ისუნთქავენ — გაცილებით მეტს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ამ ნაწილაკთა უმეტესობა ძლიერ პატარაა და ფილტვების სიღრმეში თავისუფლად აღწევს.
პლასტმასა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი პრობლემაა და თითქმის ყველგან გვხვდება — წყლიდან დაწყებული, სისხლის მიმოქცევით დამთავრებული. პლასტმასის ციცქნა ნაწილაკები ჩვენს სხეულში არა მხოლოდ საჭმლისა და სასმლის გზით აღწევს, არამედ ჰაერის სუნთქვითაც.
ახალ კვლევაში, საფრანგეთის ქალაქ ტულუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რაოდენობრივად შეაფასეს, რამდენ პლასტმასის მტვერს შეიძლება ვსუნთქავდეთ დღეში. ჯგუფმა 16 დახურული სივრციდან აიღო ჰაერის ნიმუშები, საკუთარი ბინებიდან და მანქანებიდან; შემდეგ შეისწავლეს რამანის სპექტროსკოპით, რათა გაეზომათ ამ ჰაერში მოტივტივე მიკროპლასტმასის კონცენტრაცია.
როგორც ჩანს, ძალიან ბევრს. ბინის ჰაერის ნიმუშებში საშუალო კონცენტრაცია იყო მიკროპლასტმასის 528 ნაწილაკი კუბურ სანტიმეტრზე, მანქანებში კი 2238 ნაწილაკი კუბურ მეტრზე. ამ ნაწილაკებს შორის, 94 პროცენტი სიგანეში 10 მიკრომეტრზე ნაკლები იყო, რაც იმდენად პატარა ზომაა, რომ ჩასუნთქვის შემდეგ თავისუფლად შეუძლია შეაღწიოს ფილტვის ქსოვილის სიღრმეში.
ამ და სხვა კვლევათა საფუძველზე, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ზრდასრული ადამიანი დღეში მიკროპლასტმასის დაახლოებით 71 000 ნაწილაკს სუნთქავს გარემოდან, საიდანაც 68 000 ნაწილაკის სიგანე 10 მიკრომეტრზე ნაკლებია.
„ჩვენ მიერ დადგენილი კონცენტრაცია 100-ჯერ მაღალია წინა შეფასებებით მიღებულ მაჩვენებელზე. დროის საშუალოდ 90 პროცენტს ადამიანები დახურულ სივრცეებში ატარებენ, მათ შორის სახლებში, სამუშაო ოფისებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში და ა. შ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი მიკროპლასტმასით დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ არიან, რასაც ისე ისუნთქავენ, არც კი წარმოუდგენიათ“, — წერენ კვლევის ავტორები.
ბოლომდე დადგენილი არ არის, რას შვრება ეს მიკრონაწილაკები ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მაგრამ მეცნიერები ეჭვობენ, რომ კარგს არაფერს. ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ისინი ზრდიან გარკვეული კიბოების, ნაყოფიერების პრობლემების, ინსულტის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემათა რისკს.
მიკრონაწილაკების ბიოლოგიური ეფექტების შესასწავლად გადაუდებლად საჭიროა დამატებითი კვლევები.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.