მიკროპლასტმასით გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილებია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მიკროპლასტმასით გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილებია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, თქვენი მანქანის საბურავები თხელდება და საჭიროა გამოცვლა. საინტერესოა, სად მიდის საბურავების ის მასალა, რომელიც ცვეთისას დააკლდა?

პასუხი სამწუხაროა — ხშირად ხვდება წყალში, სადაც საბურავის სინთეტიკური რეზინის მიკროპლასტმასის ნაწილაკები, რომლებიც რამდენიმე ქიმიურ ნივთიერებასაც შეიცავენ, ხვდება თევზში, კიბროჩხალებსა და ადამიანებში, ვინც შემდეგ მათ ჭამს.

ყოველ წელს ოკეანეებში მილიონობით ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება. ბოლო პერიოდში დადგინდა, რომ საბურავის ნაცვეთი ნაწილაკები შეადგენს ხმელეთისა და წყლის სისტემების ყველა მიკროპლასტმასის 45 პროცენტს.

გზებზე მოძრაობისას, საბურავებს ციცქნა მიკროპლასტმასები სცვივა. საბურავის ეს ნაცვეთი მასალა წვიმას სანიაღვრე არხებში ჩააქვს, საიდანაც ის ხვდება მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში.

გზადაგზა, თევზები, კიბორჩხლები, ხამანწკები და წყლის სხვა არსებები, საბურავის ამ ნაცვეთ ნაწილაკებს თავიანთ საკვებში აწყდებიან. თითოეული ჩაკბეჩისას, თევზი ასევე ჭამს უკიდურესად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც თავად თევზზე, ისე ამ თევზის მჭამელ ნებისმიერ სხვა არსებაზე.

თევზის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, ცისარტყელა კალმახი, ამერიკული პალია და კიჟუჩი იხოცებიან საბურავის ნაცვეთ ნაწილაკებთან დაკავშირებული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით.

2020 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვაშინგტონის შტატში, ნაკადულებში დაბრუნებული კიჟუჩების ნახევარზე მეტი ქვირითობამდე დაიხოცა, ძირითადად 6PPD-Q-ის გამო — 6PPD-დან მიღებული ქიმიური ნივთიერება, რომელსაც საბურავებს უმატებენ მეტი გამძლეობის მიზნით.

თუმცა, საბურავების ნაცვეთი ნაწილაკების ეფექტები მხოლოდ წყლის ორგანიზმებზე არ შემოიფარგლება. ჰაერში არსებულ ამ ნაწილაკთა ზემოქმედების ქვეშ შეიძლება მოექცნენ ადამიანები და ცხოველებიც, განსაკუთრებით კი დიდ ავტომაგისტრალთა სიახლოვეს მცხოვრებნი.

ჩინეთში ჩატარებულ კვლევაში, იგივე ქიმიური ნივთიერება, 6PPD-Q აღმოაჩინეს ბავშვებისა და ზრდასრულების შარდში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქიმიური ნივთიერების ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მისი ზემოქმედება შეიძლება საზიანო იყოს ადამიანის ორგანოებისთვის, მათ შორის ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმელებისთვის.

ახალ კვლევაში, მისისიპის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, მისისიპის ქალაქ ოქსფორდში, წვიმის ორი შტორმის შემდეგ, გზებიდან და საპარკინგე ადგილებიდან ჩამონადენ 24 ლიტრ წყალში გამოავლინეს საბურავის ნაცვეთი 30 000 ნაწილაკი. მათი აზრით, დატვირთული მოძრაობის ზონებში კონცენტრაცია გაცილებით მაღალი უნდა იყოს.

აშშ-ის შტატთაშორისი ტექნოლოგიებისა და რეგულაციების საბჭომ 2023 წელს გამოსცა რეკომენდაცია, რომ მოეძიათ და გამოეყენებინათ საბურავებში 6PPD-ის ალტერნატივა, რათა გარემოში შემცირდეს 6PPD-Q-ის რაოდენობა. თუმცა, მწარმოებლები ამბობენ, რომ მისი შესაფერისი ჩამნაცვლებელი ჯერ არ არსებობს.

მისისიპის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ექსპერიმენტულად იკვლევს, წყლიდან საბურავების ნაცვეთის ამოღების მდგრად გზებს და ამისათვის იყენებდნენ სოფლის მეურნეობის ნარჩენების დაბალფასიან და ხელმისაწვდომ, ბუნებრივ მასალებს.

იდეა მარტივია — საბურავის ნაცვეთი ნაწილაკების დაჭერა იქამდე, ვიდრე ისინი ნაკადულებს, მდინარეებსა და ოკეანეებს მიაღწევენ.

ახალ კვლევაში, მათ შეამოწმეს ფიჭვის ხის ნაფოტები და ბიონახშირი — ნახშირის ფორმა, რომელიც მიიღება ბრინჯის ქერქის გაცხელებით მწირჟანგბადიან კამერაში; ამ პროცესს პიროლიზი ეწოდება. ასე დადგინდა, რომ ქალაქ ოქსფორდის სატესტო ადგილებში, გზიდან წვიმის წყლის გადმონადენში ამ მასალებმა საბურავის ნაცვეთი ნაწილაკები დაახლოებით 90 პროცენტით შეამცირა.

ბიონახშირი წყლიდან დამაბინძურებლების მოსაშორებლად დადასტურებული მასალაა, რადგან აქვს დიდი ზედაპირის ფართობი და ფორები, უხვად გააჩნია ქიმიური ბმების ჯგუფები, მაღალი სტაბილურობა, შეწოვის დიდი ტევადობა და რაც მთავარია, იაფია.

იმის გამო, რომ ხის ნაფოტები მდიდარია ბუნებრივი ორგანული ნაერთებით, აღმოჩნდა, რომ კარგად აცილებს დამაბინძურებლებს. მიკრონაწილაკებისგან გასაფილტრად სხვა მეცნიერებმა გამოიყენეს ქვიშაც, მაგრამ მაგრამ მისი მაჩვენებელი ბიონახშირთან შედარებით დაბალი იყო.

ბიონახშირისა და ხის ნაფოტების გამოყენებით, საფილტრ ბადეში მათ ბიოფილტრაციის სისტემა შექმნეს და სადრენაჟე გამოსასვლელის პირში მოათავსეს. ამის შემდეგ, შეაგროვეს წვიმის წყლის ჩამონადენის ნიმუშები და საბურავის ნაცვეთი ნაწილაკები გაზომეს ბიოფილტრების დაყენებამდე და დაყენების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, ორი შტორმის დროს. აღმოჩნდა, რომ ბიოფილტრის დაყენების შემდეგ, წყალში მნიშვნელოვნად შემცირდა საბურავის ნაცვეთი ნაწილაკების შემცველობა.

საბურავის ცვეთის ნაწილაკების უნიკალური წაგრძელებული და დაკბილული მახასიათებლები აადვილებს შტორმის დროს მათ ჩაჭედვას ამ მასალების ფორებში. აღმოჩნდა, რომ მასალებში ჩაიჭედა უმცირესი ნაწილაკებიც კი.

მკვლევართა აზრით, ამ მიდგომას დიდი პოტენციალი აქვს წვიმის დროს საბურავის ნაცვეთის დაბინძურების შესამცირებლად.

ვინაიდან ბიონახშირისა და ხის ნაფოტების წარმოება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან, ისინი შედარებით იაფია და სტაბილურად ხელმისაწვდომია ადგილობრივი საზოგადოებებისთვის.

საჭიროა გრძელვადიანი კვლევები, განსაკუთრებით დატვირთული მოძრაობის ზონებში, რათა სრულად დადგინდეს ამ მიდგომის ეფექტიანობა და მასშტაბირება. ასევე მნიშვნელოვანია საფილტრი მასალების წყარო. არსებობს გარკვეული შეშფოთება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სოფლის მეურნეობის ნარჩენი მასალები, რომლებიც პიროლიზის პროცესს არ გაივლიან, ორგანულ დამაბინძურებლებს გამოყოფენ.

ფილტრების უმეტესობის მსგავსად, დროთა განმავლობაში გამოცვლა ბიოფილტრებსაც ესაჭიროება; ასევე საჭიროა მათი სწორად დაცლა, რადგან დამაბინძურებლების დაგროვება ფილტრების დეგრადაციას იწვევს.

პლასტმასის ნარჩენები აზიანებს გარემოს, საკვებს და შესაბამისად, პოტენციურად ადამიანის ჯანმრთელობასაც. მკვლევართა ჯგუფს სჯერა, რომ მცენარეული ნარჩენებისგან დამზადებული ბიოფილტრები ეფექტიანი და იაფიანი გზა იქნება ეკომეგობრული გამოსავლის საპოვნელად.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.