ადა მარშანია - როდესაც ჩვენმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაიგო, რა შეურაცხყოფა მიაყენეს ემზარ კვიციანს, ძალიან გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს, პასუხი მოეთხოვათ
ადა მარშანია - როდესაც ჩვენმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაიგო, რა შეურაცხყოფა მიაყენეს ემზარ კვიციანს, ძალიან გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს, პასუხი მოეთხოვათ

როდესაც ჩვენმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაიგო, რა შეურაცხყოფა მიაყენეს ბატონ ემზარს, რა შეძახილები იკადრეს, ძალიან გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს, პასუხი მოეთხოვათ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტთან დღეს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას აღნიშნა.

„ახალგაზრდების დაკავება, შებოჭვა ცოტა რთულია. როდესაც ჩვენმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაიგო, რა შეურაცხყოფა მიაყენეს ბატონ ემზარს, რა შეძახილები იკადრეს, ძალიან გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს საპასუხო ქმედებები და პასუხი მოეთხოვათ, ეს სტიქიურად მოხდა. რასაკვირველია, არ მივესალმები ფიზიკურ დაპირისპირებას. ბატონო ემზარის მხრიდან იყო ფიზიკური ძალის გამოყენება. ეს ცხადია, მიუღებელია, მით უმეტეს პარლამენტის წევრის მხრიდან, მაგრამ ადამიანურად და ემოციურად გასაგებია. წარმოიდგინეთ, მეომარ ადამიანს, რომელიც 15 წელი იარაღით ხელში კოდორის ხეობას იცავდა, ყველაზე ცხელ წერტილს იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, მას იქ უამრავი ნათესავი და მეგობარი ჰყავს დაღუპული. მოუკლეს სრულიად ახალგაზრდა დისშვილები. როცა ვიღაც, ჩვენთვის გაუგებარი ადამიანები, თავად მოღალატეები, არ არის გამორიცხული ეძახიან მოღალატეს, ძნელად მოსათმენია. ვეტერანია და ნერვებმა უმტყუნა. მეც მეძახიან მონას, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი დააკავა.

მანამდე კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.