აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მზად არის, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყოს, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დავით გაბაიძემ განაცხადა, ჯერ კიდევ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დროს დააფიქსირა, რომ ღიად ტოვებდა არჩევნების შერეულ სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიას და, რომ ამ თემაზე მსჯელობა ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი.

„შერეული სისტემა დარჩა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების პერიოდში, მოსახლეობა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, თუმცა მაშინვე განვაცხადე, რომ ამ საკითხზე დისკუსია ღიად რჩებოდა. ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მექანიკურად ვერ გადმოვიტანთ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები ოპოზიციასთან, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

რვა პოლიტიკური პარტია პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პარტიებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს დღეს მიმართეს.