რვა პოლიტიკური პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს
რვა პოლიტიკური პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს

რვა პოლიტიკური პარტია პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს.

შესაბამისი განცხადებით, პარტიებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს დღეს მიმართეს.

„როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის კონსტიტუციაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ გააცნო. ამასთან, ბრიფინგს ესწრებოდა ამავე პარტიის წარმომადგენელი მედია ვასაძე.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები – „ახალი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარტიათა ამ სიას სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსიც“ შეუერთდება. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები არ დაიწყება, ოპოზიციური პარტიები 20000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რაც უმაღლეს საბჭოში ცვლილების ინიცირებისთვის არის საჭირო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია და პროპორციული სისტემის შემთხვევაში, ერთი მანდატის მოსაპოვებლად ბუნებრივი ბარიერი 4,76 პროცენტი იქნება.

დატოვე კომენტარი