აჭარის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
აჭარის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

აჭარის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათი გაღიზიანება მიუნხენში ხულოს სამხატვრო აკადემიის შესახებ გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამოიწვია.

აჭარის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ბათუმის ხელოვნების მუზეუმთან შეიკრიბნენ და ერთობლივი პოზიცია დააფიქსირეს. აჭარის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ნოდარ იაკობაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა კარგად არ იცის ისტორია.

„ხულოს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს და არ შეიძლება, ასე აგდებით მოხსენიება. სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ხალხის წინაშე“, – განაცხადა ნოდარ იაკობაძემ.

ხელოვანებს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლშვილი შეუერთდა.

„21-ე საუკუნეში მიუღებელია კუთხური ნიშნით მსგავსი განცხადებები, ეს არის დისკრიმინაცია და ჩვენი მოწოდება იქნება სააკაშვილისადმი, რომ აუცილებლად მოინანიოს და ბოდიში მოუხადოს ჩვენ ხულოელ ძმებს და მოქალაქეებს, ხულო არის ნამდვილად ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას 14 მაისს განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე: „სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა, დარწმუნებული ვარ, კაცურ პასუხს გავცემთ, როგორც ხულოელებს ეკადრებათ“.

ამასთან, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.