„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„აჭარა ტექსტილში“ თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაბრიკაში იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის გია ლომინაძის თქმით, ზუსტი ანალიზის გაკეთება უჭირთ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო თანამშრომელთა მოწამვლის მიზეზი.

„კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენი დასაქმებულების საკვებით უზრუნველყოფა. დაქირავებულ კომპანიასთან გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ პირველადი მონაცემებით, ვარაუდია, რომ მიზეზი შესაძლოა, საკვები ყოფილიყო. მაგრამ მინდა, ავღნიშნო, რომ 1 500 ადამიანია ამ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ ზუსტ ანალიზს, რა შეიძლება ყოფილიყო ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს. აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ჩვენს საწარმოში ყველაფერი მაქსიმალურად არის დაცული“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში“ შეიყვანეს. მათ ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ.