აბუ დაბის გრანდ სლემზე შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
აბუ დაბის გრანდ სლემზე შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მოლდოველ მეტოქეს ადილ ოსმანოვს 11-წუთიან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათებით სძლია. ლაშას შემდეგი მეტოქე მეოთხედფინალში მონღოლი ან რუსი ძიუდოისტი იქნება.

შავდათუაშვილმა მიმდინარე წელს ძალიან კარგად იჭიდავა და ძიუდოს ტურის ბოლო გრანდ სლემის მოგებასაც აუცილებლად შეეცდება. 29 წლის ქართველი შეჯიბრის მთავარ ფოტოზეცაა გამოსახული და თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. შავდათუაშვილი ტურნირზე საკუთარ წონაში (73 კგ) პირველ ნომრად არის განთესილი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.