აბაშაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა აბაშის ცენტრში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დანა გამოიყენა.
აბაშაში დაჭრილი მამაკაცი ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის, თამუნა ჯანელიძის ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და მას ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.
„გუშინ შემოიყვანეს მამაკაცი აბაშიდან. მას გულმკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა თამუნა ჯანელიძემ.
სამართალდამცავებმა ბრალდებული დ.მ. ადგილზევე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.