ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს აარონ რემზის უახლოესი სატრანსფერო ბაზრისას ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნება სურს.
ინგლისური პრესის ცნობით, 30 წლის უელსელს კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ უნდა.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადავა ჯორჯინიო ვეინალდუმი, ამიტომაც იურგენ კლოპის გუნდი მზად არის განიხილოს მის შემცვლელად რემზის აყვანა.
უელსელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია „ვესტ ჰემ იუნაიტედი“.
აარონ რემზი პრემიერლიგაში 2008-19 წლებში თამაშობდა – ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.
რემზის ამჟამინდელი ხელშეკრულება „იუვენტუსთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.