51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ
51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან განათლების სამინისტროს ფსიქოლოგები 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს განათელბისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

„მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.