ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმე რჩება
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმე რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმე რჩება.

„ძირითადი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მდგომარეობა მაინც ძალიან მძიმე რჩება. საჭიროა პოსტოპერაციული გართულებების თავიდან აცილება. ექიმები 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ შეინარჩუნონ მოზარდის სიცოცხლე“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ კი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოზარდს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდება.  

„ოპერაცია ისევ სჭირდება და ის რამდენიმე წუთში დაიწყება. პაციენტი მზადდება ოპერაციისთვის. შანსი გადარჩენის ძალიან დიდია და ამიტომ, ჩვენ ვბრძოლობთ. პაციენტი ნული წნევით შემოვიდა, გული გაჩერებული იყო, ამ პირობებში სტაბილიზაცია არის მიღწეული. ვიცოდით, რომ მეორე და მესამე ოპერაცია დასჭირდება. ახლა გულმკერდის პრობლემა არის. ამდენი ხანი იმის გამო უკეთდებოდა ოპერაცია, რომ ბარძაყის სისხლძარღვები იყო დაზიანებული,მუცლის ღრუში იყო ჭრილობა და ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა იყო – იყო შვიდი ძირითადი ჭრილობა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.