51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც ყენიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მისი საქმიანობის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს და მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ივლისში დატოვა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით, ყენია აცხადებს, რომ მას ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ბევრი ცუდი აუცილებია თავიდან.

„პასუხისმგებლობის გრძნობა კი არა, უფრო შიშია. ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ამიცილებია თავიდან და მაქვს დიდი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის“, – განაცხადა მან.

ყენია კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლის დირექციას შეეძლო ხორავას ქუჩის ტრაგედიის თავიდან აცილება.

„ის, რომ სკოლის წინ ხალხმრავლობა იყო, არ იყო საეჭვო, რადგან პირველი ცვლა დასრულდა და სკოლიდან მიდიოდა 400-500 ბავშვი. მოდიოდნენ მეორე ცვლის ბავშვები. შევნიშნე უცხო ბიჭებიც თუმცა რაიმე საეჭვო არ დამინახავს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, 51-ე სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე მორალურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

„მორალური პასუხისმგებლობაცაა. რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ კიდევ მიხვიდე იგივე გარემოში, იმუშაო და გააკონტროლო 2600 ბავშვის გადაადგილება და ფიქრი. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დირექციას შეეძლო ამ ტრაგედიის აცილება“, – განაცხადა ყენიამ.

მისი თქმით, მას სამსახურიდან წასვლა გასული წლის 2 დეკემბერს, ტრაგედიიდან მეორე დღესვე სურდა, თუმცა სკოლაში რთული პროცესები იყო სამართავი.

„უნდა აგვერიდებინა თავიდან შემდგომი დაპირისპირება დადუნაშვილისა და სარალიძის კლასელებს შორის. იყო დაპირისპირება, მქონდა ამაზე ინფორმაცია და ბავშვებიც და მშობლებიც მირჩევდნენ, რომ დავრჩენილიყავი და ფსიქოლოგებთან ერთად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. როდესაც დასრულდა სასწავლო პროცესი, დავეხმარე ყველა ბავშვს ამ ტრაგედიის გადალახვაში და შემდეგ წამოვედი“, – განაცხადა ყენიამ.

გასული წლის პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 51-სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, თანამდებობა დატოვა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორივე არასრულწლოვანი სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები იყვნენ.