5-6 ივლისის საქმეზე სასამართლოში პირველი არხის ჟურნალისტები იკითხებიან
5-6 ივლისის საქმეზე სასამართლოში პირველი არხის ჟურნალისტები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილისა და მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ბრალდებულ პირთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარე სამ მოწმეს დაკითხავს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს, ანა ბროლაძესა და ანა ფაციას.

სასამართლოში ამ დროისთვის იკითხება საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე.

„სიტუაცია როდესაც დაიძაბა და პარლამენტთან შლიდნენ კარვებს, დაახლოებით 11:20 საათისთვის მივედი ადგილზე. შევესწარი ფაქტებს, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ერთმა ჯგუფმა ცოცხალი ჯაჭვი გამოარღვია და წამოვიდნენ ჟურნალისტებისკენ. დავინახე, რომ ამ ადამიანებს გამოეყო ერთი პირი სკუტერით და მოდიოდა მაღალი სიჩქარით, მოდიოდა ჩემკენ და წამის მეასედში გავიაზრე, რომ მეჯახებოდა. შემდეგ, მოუხვია და კიდევ წამოვიდა ჩემკენ დასაჯახებლად, ჩამიარა და შევარდა ჟურნალისტების ჯგუფში, ვინაიდან იქ უფრო ბევრი ჟურნალისტი იყო. შემდეგ უკვე პატრული ვეღარ აკავებდა ამ ხალხს და გვთხოვა, გადავსულიყავით უსაფრთხო ადგილას. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩვენი ტელევიზიის მანქანა, ჩავსხედით და პარალელურად ვიღებდით, მოგვდევდნენ, გვაგინებდნენ.

ჩვენი ოპერატორი ილია თვალიაშვილი წიხლქვეშ გაიგდეს „ცისფერი გალერეის“ წინ. როდესაც მანქანიდან გადმოვედი, შევესწარი, ანა ფაციასა და ილია თვალიაშვილს ცემდნენ.​ ძალიან ბევრი იყვნენ“, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ანა ბროლაძემ.

5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ ეპიზოდზე დაზარალებულები არიან საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი და სააგენტო „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფი.