თეა წულუკიანი – ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებები აუცილებლად გაუქმდება და ქვეყანა გამთლიანდება
თეა წულუკიანი – ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებები აუცილებლად გაუქმდება და ქვეყანა გამთლიანდება

სირიის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამის გამო, ჩვენ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და არც დავყრით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ფარ-ხმალის არ დაყრის კონტექსტში არ იგულისხმება მხოლოდ მთავრობა, არამედ თითოეული მოქალაქე.

„აქ არ ვგულისხმობ მთავრობას მხოლოდ, აქ ვგულისხმობ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამგვარი უხეში დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, რომელიც ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არის დროებითი მოვლენა. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს და ხელჩაკიდებულებმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენთ ან ვაძლევთ ხმას, სად ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველგან ხმა მივაწვდინოთ და გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა. ჩემი პერსონალური აზრია და დავამატებ, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, მწვავედ რეაგირებს სწორედ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაზე. რაშიც ჩვენ, კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, ვართ წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, საქართველო აუცილებლად განაგრძობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას.

„ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და ქვეყნის გამთლიანება“, – დასძინა თეა წულუკიანმა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .