41 წლის კარლოვიჩი - ყველაზე ასაკოვანია 1995 წლის შემდეგ, ვინც პროფესიულ ტურში მატჩი მოიგო
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ყველაზე ასაკოვანმა (თებერვალში უსრულდება 42 წელი) და ყველაზე მაღალმა (2.11 მეტრი) მოთამაშემ ივო კარლოვიჩმა მოგებით დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში დელრეი ბიჩის ტურნირი.
პირველ წრეში გამოცდილმა ხორვატმა სამ სეტში დაამარცხა ესპანელი პაბლო ანდუხარი – 6:3, 5:7, 6:4. კარლოვიჩისთვის ეს იყო პროფესიულ ტურში პირველი მოგება 2020 წლის თებერვლის შემდეგ.
როგორც ტურნირის პრესსამსახური იტყობინება, ივო კარლოვიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი 1995 წლის შემდეგ, ვინც ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში შეძლო მატჩის მოგება. 25 წლის წინ, ATP-ის ტურნირზე თამაში მოიგო 42 წლის ამერიკელმა ჯიმი კონორსმა.