41 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერდედამიწა, რომელსაც ლავის ნაკადები და ატმოსფერო აქვს
41 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერდედამიწა, რომელსაც ლავის ნაკადები და ატმოსფერო აქვს

რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, რომ დედამიწაზე ორჯერ დიდ, სუპერდედამიწა 55 კიბო e-ს ზედაპირზე ლავის ნაკადები მიედინებოდა. პლანეტა იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიქცეული, შესაბამისად, აქვს მუდამ დღიანი და მუდამ ღამიანი მხარეები.

NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით ჩატარებულ 2016 წლის კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვარსკვლავის მხარეს, ტბებში თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს ლავის ნაკადები, რომლებიც ბნელ მხარეში უნდა მყარებოდეს. განათებულ მხარეს, ლავა უნდა ირეკლავდეს ვარსკვლავის რადიაციას, რასაც წვლილი შეაქვს პლანეტის საერთო, დაკვირვებად ტემპერატურაში.

55 კიბო e მდებარეობს დედამიწიდან 41 სინათლის წლის მანძილზე; აქვს 8,63 დედამიწის მასა. იგი იმდენად ახლოსაა თავის დედავარსკვლავთან, რომ მის გარშემო ერთ შემოვლას მხოლოდ 18 საათს ანდომებს. თავად დედავარსკვლავი G-ტიპის ვარსკვლავია, წარმოადგენს ბინარული სისტემის ნაწილს, რომლის მეორე წევრიც (55 კიბო B) წითელი ჯუჯაა. მდებარეობს კიბოს თანავარსკვლავედში.

ახლახა, სპიტცერის მონაცემების უფრო ღრმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ამ პლანეტას სავარაუდოდ აქვს ატმოსფერო, რომლის ინგრედიენტებიც შეიძლება დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობის მსგავსი იყოს, მაგრამ უფრო სქელი. ატმოსფეროს გარეშე, პირდაპირ კოსმოსში მოშიშვლებული ლავის ტბები უნდა წარმოქმნიდეს მაღალი ტემპერატურის ადგილობრივ ცხელ წერტილებს, შესაბამისად, მეცნიერთა თქმით, ეს არ გამოდგება სპიტცერის მონაცემების საუკეთესო ახსნად.

„თუკი ამ პლანეტაზე ლავა არსებობს, ის მთლიან ზედაპირს უნდა ფარავდეს“, — ამბობს The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ასტრონომი რენიუ ჰუ.

„მაგრამ ლავას ჩვენი თვალთახედვიდან უნდა მალავდეს სქელი ატმოსფერო“.

მკვლევრებმა გამოიყენეს პლანეტაზე ენერგიის გადაადგილებისა და უკან, კოსმოსში გასხივების გაუმჯობესებული მოდელი და დაადგინეს, რომ პლანეტის ჩაბნელებული მხარე არც ისე ცივია, როგორც აქამდე ეგონათ.

„ცივი“ გვერდი საკმაოდ შებრაწულია დედამიწისეული სტანდარტებით, საშუალოდ 1300 – 1400 °C-ზე, ცხელი გვერდი კი საშუალოდ 2300 °C-ზე. პლანეტას რომ ატმოსფერო არ ჰქონდეს, განსხვავება ცივ და ცხელ მხარეებს შორის უფრო უკიდურესი იქნებოდა.

„მეცნიერები დავობდნენ, ამ პლანეტას დედამიწისა და ვენერას მსგავსი ატმოსფერო აქვს თუ უბრალოდ კლდოვანი ბირთვია ატმოსფეროს გარეშე, მერკურის მსგავსად. თუმცა ამჟამად, ატმოსფეროს ვერსიამ იმძლავრა“, — ამბობს ჰუ.

მკვლევართა თქმით, ამ იდუმალი პლანეტის ატმოსფერო უნდა შეიცავდეს აზოტს, წყალსა და ჟანგბადსაც კი — მოლეკულები, რომლებიც ჩვენს ატმოსფეროშია, მაგრამ ამ ეგზოპლანეტაზე ისინი გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე უნდა იყოს წარმოდგენილი. პლანეტის სიმკვრივე დედამიწის მსგავსია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისიც კლდოვანია. დედავარსკვლავიდან მომდინარე სიცხე იმდენად ძლიერია, რომ პლანეტა თხევადი წყლისა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს.

ჰუმ შეიმუშავა ეგზოპლანეტათა ზედაპირისა და ატმოსფეროს შესწავლის მეთოდი, რომელსაც აქამდე მხოლოდ მცხუნვარე, გაზის გიგანტ პლანეტებს — ე. წ. ცხელ იუპიტერებს არგებდნენ. პირველი კვლევის ავტორი, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ისაბელ ანხელო, 55 კიბო e-ს ჰუს მეთოდით იკვლევდა.

მისი მოსაზრებით, 55 კიბო e სავარაუდოდ, ნახშირბადით მდიდარი პლანეტაა; მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო, მისი ბირთვი უნდა შეიცავდეს დიდი ოდენობით ალმასს.
„ეს გახლავთ ეგზოპლანეტა, რომლის ბუნებაც ძალზედ საკამათოა, ვფიქრობ, ამაღელვებელიც“, — ამბობს ანხელო.

სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი 55 კიბო e-ს 2013 წლის 15 ივნისი – 15 ივლისის მონაკვეთში აკვირდებოდა სპეციალური კამერით, რომელიც აღიქვამს ადამიანის თვალისთვის უხილავ ინფრაწითელ შუქს. ინფრაწითელი სინათლე სიცხის ენერგიის მანიშნებელია. სიკაშკაშეში დაფიქსირებული ცვლილებების გზით, სპიტცერი დააკვირდა ენერგიის დინების მოდელებს, რის შედეგადაც, მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ ასეთ ტემპერატურას საუკეთესოდ ახსნიდა აქროლადი ნივთიერებების მქონე ატმოსფერო.

55 კიბო e-ს შესახებ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება მრავალი კითხვა, განსაკუთრებით კი: რატომ არ შემოაძარცვა პლანეტას ატმოსფერო დედავარსკვლავის საშიშმა, მძლავრმა რადიაციამ?

„ამ პლანეტის შესწავლა დაგვეხმარება პასუხი გავცეთ დიდ კითხვებს კლდოვან პლანეტათა ევოლუციის შესახებ“, — ამბობს ჰუ.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით