4 ოქტომბრის საქმეზე სუს-მა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მზადდებოდა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ.
როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.