21 წლის ნიგერიელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩის პირველ რვა წუთში სამი გოლი გაიტანა
„ნაპოლის“ ახალბედას ვიქტორ ოსიმჰენს შთამბეჭდავი დებიუტი გამოუვიდა ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში. ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ამხანაგურ მატჩში იტალიის მესამე დივიზიონში მოთამაშე „ლ’აკილას“ წინააღმდეგ და პირველ რვა წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
21 წლის ნიგერიელმა მეორე, მესამე და მერვე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა, 28-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა. იმ მომენტისთვის ანგარიში 11:0 იყო.
ოსიმჰენი „ნაპოლიში“ ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა, რითაც ნიგერიელი ნეაპოლური გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.