2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამივე ქვეყანაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ჩატარდება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, მოსკოვში გამართულ ფიფას კონგრესზე გახდა. ზემოხსენებული ქვეყნების ერთობლივი კანდიდატურის გარდა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას მაროკოც აცხადებდა. შტატებმა, კანადამ და მექსიკამ დელეგატთა 134 ხმა მიიღეს, მაროკომ კი მხოლოდ 65.
გამარჯვებულ კანდიდატებს უკვე შერჩეული აქვთ 23 ქალაქი, სადაც თამაშები უნდა გაიმართოს და აქედან საბოლოოდ 16 ქალაქი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამ 23 ქალაქიდან მხოლოდ 6 არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესენია მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი (სამივე მექსიკა), ტორონტო, მონრეალი და ედმონტონი (სამივე კანადა).
აღსანიშნავია ასევე, რომ ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.