2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისს შეიძლება შვიდი გუნდი ჰყავდეს #1TVSPORT
2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისს შეიძლება შვიდი გუნდი ჰყავდეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები დანაკარგების გარეშე გამოდიან ევროთასებზე, რამაც შეიძლება უნიკალური სიტუაცია წარმოქმნას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში.

არსებობს იმის ალბათობა, რომ მომავალ სეზონში მთავარ ევროტურნირზე ინგლისი შვიდი გუნდით იყოს წარმოდგენილი. და ეს ალბათობა სავსებით რეალურად მოჩანს.

ცნობილია, რომ ევროტურნირების სეზონის შემდეგ ორი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს უეფას კოეფიციენტთა ცხრილში, ჩემპიონთა ლიგის დამატებით მეხუთე საგზურს მიიღებს. პრემიერლიგის კლუბებმა ევროთასების ძირითადი რაუნდების შემდეგ 20.892 ქულა დააგროვეს და ინგლისი ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

ასე რომ, პრემიერლიგას თითქმის დანამდვილებით ეყოლება მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი. რაც შეეხება მეექვსე და მეშვიდე საგზურებს, ეს უშუალოდ გუნდებზეა დამოკიდებული. მათ მოსაპოვებლად საჭიროა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგონ იმ ინგლისურმა კლუბებმა, რომლებიც პრემიერლიგაში ტოპ-ხუთეულში ვერ მოხვდებიან.

მაგალითად, თუ „მანჩესტერ სიტი“ მოიგებს 2024-25 წლების ჩემპიონთა ლიგას და პრემიერლიგაში მეექვსე ადგილს დაიკავებს, გუნდი მოხვდება 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც წინა ტურნირის გამარჯვებული.

ასეთივე გზით შეიძლება მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ – თუ რომელიმე მათგანი მოიგებს ევროპის ლიგას. ამ გუნდებს პრემიერლიგიდან პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვთ.