2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ შედარებით კონსერვატიულად არის დაგეგმილი და ამავდროულად გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკონომიკურ მაჩვენებლებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმოიხილავს, რომელიც ხვალ ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში.

მთავრობის ცნობით, მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში. მათი ინფორმაციით, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი განსაზღვრულია 79,6 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. მთავრობა განმარტავს, რომ 2026 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს. მთავრობა აღნიშნავს, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 23,2%-ია.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი კი შეადგენს მშპ-ს 2,8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებშია. მომავალი წლის პარამატრების გარდა, მთავრობა გასული წლების ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც მიმოიხილავს და განმარტავს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსის პანდემიამ და შედეგად რეალური ეკონომიკის შემცირებამ 6,8% შეადგინა. მათი ცნობით, ეკონომიკურმა ვარდნამ გამოიწვია შემოსავლების შემცირება და ამავდროულად, პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისთვის საჭირო გახდა დამატებითი ხარჯების გაწევაც.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ვალი და მშპ-ს 60%-ს გადააჭარბა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს 9,3% შეადგინა. ეკონომიკური რეცესია 2021 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და რეალური ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, თუმცა მეორე კვარტლიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, რის შედეგადაც 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10,4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდა 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა და 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის დონე 2,9%-ით გაიზარდა. 2021 წელს ეკონომიკის აღდგენის პარალელურად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 6,1%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდა მშპ-ს 50%-იან ნიშნულს.

2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა. ამავდროულად, კვლავ მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ს 4,4%-ს შეადგენდა. 2022 წელს კვლავ გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა, ხოლო 8 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებლით არის და 10,3%-ს შეადგენს.

მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, მომზადდა და პარლამენტს წარედგინა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ს პროგნოზი შეადგენს 72,2 მლრდ ლარს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა დაგეგმილთან შედარებით 700,0 მლნ ლარზე მეტით შემცირებული ვალის აღება, შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდა მშპ-ს 40%-ს. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ორწლიან პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია, რამაც შესაძლებელი გახადა ვალის მაჩვენებლის პანდემიამდელ დონეზე შემცირება“, – განმარტავს მთავრობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში.