2014 წელს, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახების ადვოკატი - ინფორმაცია მაიდანზე „ქართველი სნაიპერების“ შესახებ, დიდი ალბათობით, მითია
2014 წელს, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახების ადვოკატი - ინფორმაცია მაიდანზე „ქართველი სნაიპერების“ შესახებ, დიდი ალბათობით, მითია

ინფორმაცია მაიდანზე „ქართველი სნაიპერების“ შესახებ, დიდი ალბათობით, მითია, – ამის შესახებ მაიდანზე 2014 წელს დაღუპულთა ოჯახების ადვოკატმა პაველ დიკანმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თუმცა, ადვოკატის თქმით, სასამართლო ვალდებულია, მოწმეების ჩვენებები მოისმინოს და დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს.

„სვიატოშინსკის სასამართლოში გრძელდება ინფორმაციის შეგდების მცდელობები, რომელიც არაფრით დასტურდება, გარდა ვიღაცების განცხადებებისა, როგორც, მაგალითად, „ქართველი სნაიპერების“ ისტორია“, – განაცხადა ადვოკატმა.

„საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ეს „ფეიკია“. მთავარი ის არის, თუ რა მოხდება. რომელიღაც ქვეყანაში, რომელსაც უკრაინას გადაცემის შესახებ შეთანხმებას კი არ აქვს, დამყარდება ვიდეოკავშირი გაურკვეველ პირებთან, რომლებიც იტყვიან, რომ ისინი ჩამოსულები იყვნენ და ესროდნენ სამართალდამცველებს. სასამართლომ კი ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა დიკანმა.

ადვოკატის თქმით, მოწმეების ნებისმიერი ჩვენება უნდა დადასტურდეს ფაქტობრივი გარემოებებით, სხვა მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით.

შეგახსენებთ, სპეცრაზმ „ბერკუტის“ ყოფილი წევრების ადვოკატის ალექსანდრ გოროშინსკის მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ 2014 წლის თებერვალში სამართალდამცველებს აქტივისტების მხრიდანაც გაუხსნეს ცეცხლი.

მისი თქმით, კონსერვატორიიდან და სასტუმრო „უკრაინიდან“ ცეცხლი გახსნეს სნაიპერებმა, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან და ბალტიის ქვეყნებიდან არიან.

ბრალდებული ყოფილი „ბერკუტელების“ საქმეზე სასამართლოზე მოწმის სახით საქართველოს ყოფილის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უნდა დაეკითხათ.

2014 წელს მაიდნის მოვლენების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პეტრო პოროშენკომ მათ ხსოვნას დღეს პატივი მიაგო.