20 წელი ლეგენდის გარეშე - დავით ყიფიანი, რომელიც ხალხის სიხარულად მონათლეს #1TVSPORT
20 წელი ლეგენდის გარეშე - დავით ყიფიანი, რომელიც ხალხის სიხარულად მონათლეს #1TVSPORT

20 წლის წინ, 2001 წლის 17 სექტემბერს, ქართულმა ფეხბურთმა ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი დაკარგა – სოფელ წეროვანთან თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის სახე, დავით ყიფიანი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

საქართველოს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს მთელი საქართველო გლოვობდა – იხსენებდნენ მის გოლებს, ფინტებს, ეპიზოდებს, პასებს და უბრალოდ, ლამაზ თამაშს და ვერ იჯერებდნენ, რომ სულ რაღაც 50 წლის ლეგენდა მარადისობაში გადავიდა.

იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ასევე იყო ღირსების ორდენის კავალერი.

2014 წელს ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს. მის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი, ასევე ქუჩა დიდუბეში.

1981 წელს „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მე-11 ადგილზე გავიდა. ხოლო 1982 წლის მარტის ესპანურ ჟურნალ „მუნდიალში“ მსოფლიო ჩემპიონატის 24 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს და ყიფიანი მხოლოდ დიეგო მარადონას, ზიკოსა და მიშელ პლატინის ჩამორჩა და მე-4 ადგილზე გავიდა. საინტერესო დეტალია – ბრაზილიელებმა ყიფიანი მარადონას წინ დააყენეს, ხოლო ფრანგებმა თბილისის „დინამოს“ ლიდერი მეორე ადგილზე დაასახელეს, საფრანგეთის ნაკრების იმედი პლატინი – მესამეზე!

კარიერა 31 წლის ასაკში, 1982 წლის გაზაფხულზე ტრავმის გამო დაასრულა და რეალურად, სწორედ მაშინ დასრულდა დიდი „დინამოს“ ეპოქა. 1982 წლის საფეხბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ, ნოდარ ახალკაცმა არჩილ გოგელიასთან ინტერვიუში თქვა.

„ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლა მყისვე დაეტყო გუნდის თამაშს, განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან მის ბრძოლისუნარიანობას: სანამ ყიფიანი გვყავდა, გუნდს არც ერთი რანგის მეტოქის მიმართ არ ჰქონია ფსიქოლოგიური არასრულფასოვნების კომპლექსი. ერთი სიტყვით, დღევანდელი „დინამოსათვისუყიფიანობა მძიმე დანაკლისია“.

თუ ვინ იყო დავით ყიფიანი ეპოქაში, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გარიჟრაჟი ოყო, მხოლოდ ტიტულებით და გოლებით ვერ აიხსნება. კახი კავსაძემ სწორად შენიშნა, რომ ყიფიანი ხალხის სიხარული იყო, გმირი, რომელმაც საქართველოს კომუნისტურ ეპოქაში დიდი ხნის წინ დავიწყებული გამარჯვების გემო გაახსენა. ამიტომაა ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ლამაზი ფურცელი ჩაწერა.