20-21 მაისს თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT

პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ წელს, 20-21 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება. შიდა და გარე სივრცეებში მოწყობილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები და აქტივობები – ფეხბურთი, ბეისბოლი, გოჯუ რიუს, ჯიუჯიცუ რაგბი, ტექბოლი, ავტოსპორტი, მთის სპორტული აქტივობები, ფარიკაობა, ველოსპორტი. ეს სპორტის იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სტუმრები ფესტივალზე გაეცნობიან.

ფესტივალის მიზანია, რომ სპორტული ფედერაციების, სკოლების, კლუბების, სავარჯიშო დარბაზების, მაღაზიების გასართობი აქტივობებისა და სიურპრიზების დახმარებით, სხვადასხვა ასაკის სტუმრებს სპორტისადმი ინტერესი გაუღვიძოს.

ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. „სპორტფესტის“ მიზანია, შეკრიბოს ხალხი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

„სპორტფესტი“ ჩატარდება ნებისმიერ ამინდში. 20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.