20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განაცხადა, ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვენ.

„წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელშიც საკმარისადაა დასაბუთებული, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება, დართულია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ვიდეო ჩანაწერი, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე საქმეში წარმოდგენილი გახლავთ სხვა მტკიცებულებები. მიგვაჩნია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა”, – განაცხადა მუკბანიანმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ლევან ჯიქურს, დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.