1998-99 წლების „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის უდიადეს გუნდად გამოცხადდა #1TVSPORT
ბრიტანულმა ანალიტიკურმა კომპანია YouGov-მა გულშემატკივრებში ჩაატარა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა პრემიერლიგის ყველა დროის უდიადესი გუნდი. გამოკითხვა პრემიერლიგის საიუბილეო 30-ე სეზონს მიეძღვნა, რომელიც პარასკევს აიღებს სტარტს.
ხმების ყველაზე მეტი – 19 პროცენტი მიიღო 1998-99 წლების სეზონის „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც ლეგენდარული ჰეთ-თრიკი შეასრულა – 11 დღის განმავლობაში მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში „იუნაიტედი“ 0:1 აგებდა „ტოტენჰემთან“, მაგრამ დევიდ ბექჰემისა და ენდი კოულის გოლებით მოიგო და ერთი ქულით გაუსწრო „არსენალს“. ამის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ინგლისის თასის ფინალში 2:0 მოუგო „ნიუკასლს“, რასაც მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ ლეგენდარული გამარჯვება, როცა 0:1-ზე ინგლისურმა კლუბმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტედი შერინგემისა და ოლე-გუნარ სოლსკიაერის გოლებით გაიმარჯვა.
გამოკითხვაში 15-15 პროცენტით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს 2003-04 წლების „არსენალმა“, რომელმაც პრემიერლიგის მთელი გათამაშება წაუგებლად გაიარა და 2019-20 წლების „ლივერპულმა“.
2017-18 წლების „მანჩესტერ სიტი“ ცხრა პროცენტით მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის რეკორდები დაამყარა: ყველაზე მეტი ქულა (100), ყველაზე მეტი ქულა სტუმრად (50), ყველაზე მეტი მოგება სტუმრად (16), ყველაზე მეტი გოლი (106), ბურთების სარეკორდო სხვაობა (79) და ზედიზედ მოგებების სერია (19).
პრემიერლიგის ყველა დროის უდიადესი გუნდები:
- მანჩესტერ იუნაიტედი (1998-99) – 19%
- არსენალი (2003-04) – 15%
- ლივერპული (2019-20) – 15%
- მანჩესტერ სიტი (2017-18) – 9%
- მანჩესტერ იუნაიტედი (2008-09) – 8%
- ლესტერი (2016-17) – 7%