1992 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულ დავით ხახალეიშვილს 50 წელი შეუსრულდებოდა
14:23, 28.02.2021
1992 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში დავით ხახალეიშვილს დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა.
იგი ქუთაისში, 1971 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ფიზიკური მონაცემებით ის ყოველთვის გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ 8 წლის ასაკში ქუთაისის ძიუდოს სკოლაში მიიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი ომარ მერაბიშვილი იყო. დავით ხახალეიშვილმა თავიდანვე მიიქცია სპეციალისტების ყურადღება და ბავშვობიდანვე დაიწყო მისი წარმატებების ათვლა. საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების წევრმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვა. იუნიორებიდან კი პირდაპირ ახალგაზრდული გუნდის გამოტოვებით მძიმე წონით კატეგორიაში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი გახდა.
21 წლის დავით ხახალეიშვილმა ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალურ შეხვედრაში ძიუდოს იაპონელი ლეგენდა, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ნაოიეოგავა დაამარცხა და ის გახდა მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ამასთან მისი გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.
ისტორიული იყო მისი გამოსვლა ასევე 1993 წელს ათენში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე სადაც მან ჯერ მძიმე, მეორე დღეს კი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იჭიდავა და სამშობლოში ორი ოქროს მედლით დაბრუნდა.
1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მას აწონვაზე დააგვიანდა და შეჯიბრებიდან მოხსნეს.
ძიუდოდან წასვლის შემდეგ დავით ხახალეიშვილმა ჭიდაობა სამბოში, ტოკიოსა და თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზა და ორჯერვე მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
დავით ხახალეიშვილი 2021 წლის 11 იანვარს ბელარუსის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენება დაემთხვა დოჰას ტურნირიდან საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის დაბრუნებას და მისი ნეშტი აეროპორტიდან ქართველმა ძიუდოისტებმა გამოასვენეს.