19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა - ბოლო ტურში რუმინეთმა ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა - ბოლო ტურში რუმინეთმა ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT

რუმინეთის გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მე-4 ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა ისრაელთან 1:0 მოიგო და საქართველოს ნაკრების წარმატება განაპირობა.

საქმე ისაა, რომ ჩვენმა გუნდმა მანამდე ოთხთა მინი-ტურნირის მასპინძელი მალტა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა.

ამგვარად, B ლიგის მე-4 ჯგუფში პირველი ადგილი რუმინეთის ნაკრებმა დაიკავა, ბოლო მოგებით კი ჯგუფში მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრების გასვლას შეუწყო ხელი.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთთან 1:2 დამარცხდა (გოლი ლიზი მწყერაშვილმა გაიტანა), ისრაელთან ქულა ეთერ სულაშვილის გოლით მოიპოვა (1:1), მალტასთან მოიგო და ჯგუფი 4 ქულით დაასრულა.

ისრაელს შეეძლო ჩვენი ნაკრებისთვის გადაესწრო, მაგრამ რუმინეთთან დამარცხდა და ჩვენი ნაკრების მსგავსად 4 ქულა დააგროვა. მაგრამ ჩვენებმა მეტი გატანილი გოლით (ბურთების სხვაობა 3:3) მეტოქეს (ისრაელს 2:2-ზე აქვს) გადაასწრეს და მეორე ადგილი დაიკავეს, რაც ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგია.

ლიგა B – ჯგუფი 4

  1. რუმინეთი – 9
  2. საქართველო – 4
  3. ისრაელი – 4
  4. მალტა – 0

სამწუხაროა, რომ მეორეზე გასვლის მიუხედავად, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები შემდეგ ეტაპზე ვერ ითამაშებს, რადგან უეფა-მ 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეცვალა – საკვალიფიკაციო ეტაპი და ელიტ-რაუნდი ერთა ლიგის მსგავსმა გათამაშებამ ჩაანაცვლა. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორ რაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან.

პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდნენ. A ლიგაში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნა, B ლიგაში კი – ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. ასეთი კი ჯერჯერობით B ლიგის მე-2 ჯგუფის მეორეადგილოსანი ბულგარეთია (6 ქულა, ბურთების სხვაობა +7).

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება. საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.