18-წლამდელებს მოსაგებად ოთხი გოლიც არ ეყოთ
18-წლამდელებს მოსაგებად ოთხი გოლიც არ ეყოთ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მინსკში ბელარუსთან მეორე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

პირველი შეხვედრისგან (0:0) განსხვავებით, დღევანდელ მატჩში გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ოთხი გოლი გაიტანეს, თუმცა ასეთი შედეგიანი თამაშის მიუხედავად, მოგება მაინც ვერ მოახერხეს – ეს უხვგოლიანი შეხვედრა 4:4 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მერვე წუთზე ბექა ხარშილაძემ დააწინაურა. თუმცა, შემდეგ ბელარუსები დაწინაურდნენ – 2:1. 35-ე წუთზე წონასწორობა ზურიკო დავითაშვილმა აღადგინა, ხოლო რევაზ ინჯგიამ საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 59-ე წუთზე კიდევ ერთხელ დააწინაურა.

ბელარუსებმა გატანა ისევ მოახერხეს. 81-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ საქართველო წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, თუმცა ბელარუსმა მთავარმა არბიტრმა შეხვედრას ხუთი წუთი დაამატა და მანამდე არ დაასრულა, ვიდრე მასპინძლებმა ანგარიში არ გაათანაბრეს და ამხანაგური სპარინგი 4:4 დასრულდა.

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ხვედელიძე, ფაცაცია, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი, ივანიაძე.

შეცვლაზე: მეგრელიშვილი, ბუიღლიშვილი, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ინჯგია, შეყილაძე, ტოკლიკიშვილი, კაპანაძე, გაბელაია.