18-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს - პარკაძემ მეორე მატჩშიც გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე მეორე ამხანაგურ მატჩში – 2:1 დაამარცხა.
პირველი შეხვედრაც რუსთავში გაიმართა და 2:1 დასრულდა, მაგრამ ეს დაპირისპირება სტუმრებმა მოიგეს. ვასილ მაისურაძის გუნდიდან ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ მან მიუნხენის „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.
ამჯერადაც, სტუმრებმა პირველი ტაიმი მოიგეს – 45-ე წუთზე ანგარიში სადიგ შაფიევმა გახსნა, ვასილ მაისურაძის გუნდმა კი წონასწორობა 64-ე წუთზე აღადგინა. ისევე როგორც პირველ მატჩში, ახლაც, მეტოქის კარი ლუკა პარკაძემ აიღო.
65-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა აზერბაიჯანელთა მოთამაშე მურად მუსაევს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ქართველმა 18-წლამდელებმა ამით მალე ისარგებლეს – 74-ე წუთზე გივი ხაჩიძემ 18-წლამდელები დააწინაურა და საბოლოოდ, მატჩი მოგებამდე მიიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფორმაციის ნაკრები, 2023 წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.