17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი „საბურთალოში“ ჩაირიცხა (ვიდეო)
საქართველოს თასის მფლობელმა „საბურთალომ” ახალი ტრანსფერი დაადასტურა – გუნდში ჰოლანდიელი შემტევი ჩაირიცხა – ინფორმაციას „საბურთალოს” ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.
„ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ჰოლანდიელი, მარჯვენა შემტევი ჟეროენ ლუმუ ჩაირიცხა. ახალწვეული ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად 2012 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა” – წერს „საბურთალოს” ვებგვერდი.
ჰოლანდიელმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფეხბურთელი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ლუმუ ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად 2012 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა – ეს ის ტურნირია, სადაც ნახევარფინალში ჰოლანდიელებმა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 2:0 დაამარცხეს.
ლუმუს ბოლო კლუბი პორტუგალიური „აროუკა” იყო, ხოლო მანამდე უთამაშია ისეთ ევროპულ კლუბებში, როგორებიცაა: ჰოლანდიური „ვილემ II“, „ჰერენვენი“ და „დორდრეხტი“, ავსტრიული „ზანქტ პოლტენი“, თურქული „სამსუნსპორი“, რუმინული „პეტროლული“ და ბულგარული „ლუდოგორეცი”.
სწორედ „ლუდოგორეცის“ შემადგენლობაში გახდა ლუმუ ქვეყნის ჩემპიონი, ასევე თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. ჰოლანდიელს კარიერაში 18 გატანილი გოლი აქვს.