16 სექტემბერს უეფა-ს ვიდეოკონფერენცია გაიმართება
16 სექტემბერს უეფა-ს ვიდეოკონფერენცია გაიმართება

უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეოკონფერენცია 16 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 55 წევრი ასოციაცია მიიღებს – ინფომაციას უეფა-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდები ავრცელებენ.

„უეფა-ს კონფერენციას სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრებიან. ​​ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემა ფიფა-ს 70-ე კონგრესია, რომელიც 18 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში პირველად გაიმართება,“ – წერია სფფ-ს ვებ-გვერდზე.

ფიფა-ს კონგრესის გარდა, უეფა-ს ვიდეოკონფერენციაზე მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხებსაც განიხილავენ: „ამასთან, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო წევრ ასოციაციებთან ერთად იმსჯელებს თუ რა პროტოკოლი იმოქმედებს ბუდაპეშტში გასამართ უეფას სუპერთასის მატჩზე და ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებზე. ამავე ვიდეოკონფერენციაზე უეფა უკვე დასრულებულ საკლუბო ტურნირებს და სექტემბერში გამართულ სანაკრებო თამაშებს შეაჯამებს”.