16 მითი სამყაროს შესახებ
16 მითი სამყაროს შესახებ

სამყარო უკიდეგანო და მისტიკური ადგილია, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი დაკვირვებისა და კოსმოსის მომავლის განჭვრეტის შედეგად. უკვე ათასწლეულებია, ადამიანები აკვირდებიან ცას, რის შედეგადაც უამრავი გასაოცარი და აქამდე უცნობი რამ აღმოაჩინეს.

დღეს ცივილიზაციის განვითარებისა და მეცნიერული მიღწევების შედეგად, სხვა რაღაცებთან ერთად უკვე ვიცით, რომ ცაში მოკაშკაშე წერტილები სინამდვილეში უზარმაზარი, გალაქტიკებად დაჯგუფებული ვარსკვლავები არიან, რაც 13,7 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოსმოსის შესახებ ყველაფერი ვიცით. სამყაროს შესახებ მცდარ მოსაზრებებს ბევრი ადამიანი ავრცელებს, რაც შესაძლოა, ბევრმა ჩვენგანმა დაიჯერა კიდეც, მაგრამ დროა, მითები დავამსხვრიოთ და არასწორი ცნობები და უზუსტობები წარსულში დავტოვოთ.

ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან მოჩანს? (ამ მითის შესახებ უძველესი ცნობა 1754 წლით თარიღდება. თუმცა, დღესაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერათ, რომ ეს ნორმალურია, რადგან ამ ტიპის უზუსტობებს მთელ მსოფლიოში უამრავ წიგნსა თუ სკოლაში შევხვდებით).

1. მზე ყვითელია


საღამოს მზე ნამდვილად ყვითლად ანათებს, მაგრამ რეალურად, სინათლე, რომელსაც ის ასხივებს, თეთრია. მზის სინათლის ყვითლად აღქმა დედამიწის ატმოსფეროს დამსახურებაა. გაზები ორმაგი სინათლის ეფექტს ქმნიან, რასაც რელეის გაფანტულობა ეწოდება. ეს ზუსტად იგივე ფენომენია, რომელიც ცას ცისფრად, ხოლო მზის ჩასვლას ნარინჯისფრად, წითლად და ღია იისფრად წარმოგვიჩენს. მეცნიერები მზეს G ტიპის მთავარი მიმდევრობის ყვითელ ვარსკვლავად ან „ყვითელ ჯუჯად“ მოიხსენიებენ, თუმცა მას ამ ფერთან საერთო არაფერი აქვს.

2. კოსმოსში ყოველთვის ცივა

კოსმოსის ყველაზე ბნელ და ცივ წერტილში ტემპერატურა შესაძლოა -234 ºC-მდე დაეცეს, მაგრამ დედამიწასთან ახლოს, მზის სხივების წყალობით, ტემპერატურა 121 ºC-მდე მერყეობს, ამიტომ, ასტრონავტები სპეციალურ, თეთრ ამრეკლ სკაფანდრებს იყენებენ.

 

3. საჰარა დედამიწის ყველაზე დიდი უდაბნოა

ყველა უდაბნო ქვიშით არ არის სავსე და არც მაღალი ტემპერატურაა. საჭიროა, მხოლოდ იყოს მშრალი და არათანაბარი. ასე რომ, ანტარქტიდა ამ პირობებს შეესაბამება. იგი წლიურად 100 მმ ნალექს იღებს 30მმ-ის წყლის ეკვივალენტით და ამავე დროს, იქ ძალიან ცოტა ცხოველი ბინადრობს. ალბათ რთულია იმის გაანალიზება, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი უდაბნო არის ანტარქტიდა. საჰარასთან შედარებით, რომლის ფართობი არის 9 065 253 კმ², ანტარქტიდა ბევრად უფრო დიდია – 13 829 430 კმ².

 

4. ასტეროიდთა სარტყელი საშიშია

ამ მითის განმტკიცებაში, „ბრალი“ კინოს მიუძღვის. ფილმებსა და სერიალებში ხშირად ვხედავთ, რომ კოსმოსური ხომალდები ასტეროიდთა სარტყელში ხვდებიან და მათ ეჯახებიან, რაც არარეალურია. ასტეროიდთა სარტყელში დაუჯერებლად დიდი სივრცეებია მოფარფატე ასტეროიდებს შორის. სწორედ ამიტომ, როგორც ნასას, ასევე ჩვენც, განსაკუთრებული ემოციები გვეუფლება, როდესაც ერთი ასტეროიდის მეორესთან შეჯახების მომენტს ვხედავთ.

 

5. ასტროლოგიას შეუძლია ადამიანის პიროვნულობა და მომავალი იწინასწარმეტყველოს

განა ფანტასტიკური არ იქნებოდა, დილით თვალი გადაგევლო ისეთი მარტივი ინფორმაციისთვის, როგორიცაა სად მდებარეობდნენ მზე, პლანეტები და მთვარე, როდესაც დაიბადე და რა გავლენა მოახდინეს მათ შენზე?

ეს სწორედ ის არის, რასაც ასტროლოგია ეფუძნება და ნახევარ მსოფლიოს ამის სჯერა (ამავდროულად, ის წარმოადგენს ძალიან წარმატებულ ბიზნესს). თუმცა ამომწურავი სამეცნიერო კვლევებისას, ასტროლოგია ყოველთვის კრახს განიცდის. ასტროლოგიური ნიშნებისა და ჰოროსკოპიის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

1985 წელს ჟურნალ „ნეიჩერში“ გამოქვეყნებული კვლევა განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო. ისინი აშშ-ს საუკეთესო ასტროლოგებთან ერთად მუშაობდნენ, რათა შეეფასებინათ ასტროლოგიური ნიშნების პროგნოზირების ძალა.

შედეგი? ასტროლოგიური პროგნოზი უბრალოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი. ასე რომ, ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს არც თქვენს ბედსა და არც პიროვნულობას.

 

6. შავი ხვრელები კოსმოსური მტვერსასრუტები არიან

მისტიკურობის წყალობით, შავი ხვრელები ყველა ეპოქის უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებსა თუ სამეცნიერო ფილმში გვხვდება. ფილმებში შავი ხვრელები ძირითადად ყველაფერს ანადგურებს და შთანთქავს.

რეალურად, ყველაფერი სხვაგვარადაა. შავი ხვრელები, რა თქმა უნდა, საშიშები არიან, თუმცა ნამდვილად არ აქვთ იმხელა ძალა, როგორც უმრავლესობა ფიქრობს. ნებისმიერ შავ ხვრელს, რაც არ უნდა დიდი იყოს, გააჩნია საკუთარი მასა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი სიდიდისა და სიძლიერის მიუხედავად, აქვთ სასრული ძალა. სხვაგვარად, შავი ხვრელი სამყაროს სხვა ნებისმიერი ობიექტის მსგავსია. მის გრავიტაციას შეუძლია იყოს იმდენად ძლიერი, რამდენის შესაძლებლობასაც აძლევს საკუთარი მასა. თუ ის არის მზის მასის ტოლი, მისი მიზიდულობის ძალა იქნება იგივე, რაც მზეს აქვს.

 

7. ბირთვულ იარაღს ასტეროიდის განადგურება შეუძლია

ვწუხვართ (ამ შემთხვევაშიც სამეცნიერო ფანტასტიკის დამსახურებით), მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენება ასტეროიდს ვერაფერს დააკლებს. ასტეროიდების უმრავლესობა, უამრავი კოსმოსური ნამსხვრევისგან შედგება, ამიტომ აფეთქება მათ კიდევ უფრო დაამსხვრევს და ნაწილებად დაშლის.

 

8. ტელეფონით დარეკვისას სიგნალი თანამგზავრზე იგზავნება

ეს ეხება მხოლოდ თანამგზავრულ ტელეფონებს, რომლებსაც ძირითადად სამხედრო დანაყოფებში გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენი სმარტფონები სხვაგვარად ფუნქციონირებს.

როდესაც ვრეკავთ, მობილური ტელეფონები რადიოსიგნალებსა და ინფორმაციას გადასცემენ ანტენებს, რომლებიც განთავსებულია დედამიწაზე. ყველაზე ახლოს მდებარე ანტენა სიგნალს ადრესატ ტელეფონს სხვა ანტენებისა და კაბელების მეშვეობით უგზავნის. საუკეთესო შემთხვევაში, თანამგზავრი შესაძლოა ჩაერთოს იმ ზარის განხორციელებისას, როდესაც მსოფლიოს სხვა წერტილში ვრეკავთ. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ზარების 99% წყალქვეშა კომუნიკაციების მეშვეობით გადაიცემა.

 

9. ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან ჩანს

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მითია. ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა თქვა, რომ მთვარეზე მოგზაურობისას ჩინური კედელი ვერ დაინახა, რაც ჯეფრი ჰოფმანმაც დაადასტურა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მითი ძალიან გავრცელდა, თუმცა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებულმა ფოტომ ეჭვები გაფანტა. ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან შეუმჩნეველია. საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კი ნამდვილად ჩანს ეგვიპტის პირამიდები საჰარის უდაბნოში.

 

10. იუპეტერი მზის გარშემო სხვა პლანეტების მსგავსად მოძრაობს

იუპიტერი იმდენად დიდია, რომ რეალურად მზის გარშემო არ მოძრაობს. მისი ზომა დედამიწას 318-ჯერ აღემატება და სწორედ ასეთი სიდიდის გამო, გრავიტაციის ცენტრი მზესა და იუპიტერს შორის, მზეს არ ემთხვევა. ის ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს მიღმაა. ეს გარემოება იწვევს იმას, რომ იუპიტერი მზის გარშემო კი არ მოძრაობს, არამედ ისინი საერთო მასის ცენტრის, იგივე ბარიცენტრის, მიზიდულობის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ. ასე რომ, მზეც და იუპიტერიც კოსმოსში ამ წერტილის გარშემო მოძრაობენ.

 

11. ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია

ტექნიკურად, ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი არ არის. ევერესტი ყველაზე მაღალია ზღვის დონიდან. ყველაზე მაღალი მთა კი ჰავაის კუნძულია, რომელიც მაქსიმალურ წერტილს ჩამქრალი ვულკანით, მაუნა-კეათი აღწევს. ევერესტი ზღვის დონიდან 8 848 მეტრზეა, თუმცა, ვულკან მაუნა-კეას დიდი ნაწილი წყლის ქვეშ მდებარეობს (საერთო ჯამში დაახლოებით 10 000 მეტრია), ამიტომ ის შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მაღალ მთად ჩაითვალოს.

 

12. მთვარეს „ბნელი მხარე“ აქვს


მარტივია იფიქრო, რომ მთვარის მეორე მხარე ბნელია, რადგან ვერასდროს ვხედავთ, მაგრამ იგი გადის იმავე ფაზებს, როგორსაც დედამიწისკენ მოქცეული მხარე. როდესაც დედამიწიდან ახალი მთვარე ჩანს (და ძალიან ბნელი), მისი მეორე მხარე სავსეა. უბრალოდ, არ შეგვიძლია ჩვენი ხედვის წერტილიდან დანახვა. ასე რომ, მთვარეს ნამდვილად აქვს ბნელი მხარე, თუმცა იგი ცვალებადია, როგორც დედამიწის შემთხვევაში.

 

13. ზაფხულში იმიტომ ცხელა, რომ დედამიწა მზეს უახლოვდება


როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ამ დროს დედამიწა მზესთან ახლოს არ არის. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა — ჩვენი პლანეტა ზაფხულის განმავლობაში მზისგან ყველაზე შორეულ წერტილშია. ცხელა, რადგან დედამიწა გადახრილია. მზის გარშემო მოძრაობისას, ჩვენი მშობლიური პლანეტის გადახრილობა, მზეს შესაძლებლობას აძლევს, მისი ენერგია პირდაპირ ჩვენ გვტყორცნოს.

 

14. დედამიწა ბრტყელია

ბრტყელი დედამიწის თეორიის დღევანდელი მიმდევრებისგან განსხვავებით, ჩვენი განათლებული წინაპრები ფიქრობდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. საიდან მოდის ბრტყელი დედამიწის თეორია? ამ მითმა ფეხი 1800-იან წლებში მოიკიდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც ევოლუცია წინ მიდიოდა და რელიგიური და მეცნიერული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. თეორია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. საღი აზრის საფუძველზე, მარტივი არგუმენტებით შეგვიძლია ბრტყელი დედამიწის მიმდევრების თეორიების დამსხვრევა.

 

15. ელვა ქუხილს იწვევს

ქუხილი და ელვა ორი სხვადასხვა, თუმცა ერთ მეტეოროლოგიურ ფენომენთან ასოცირებული მოვლენაა. ელვა ელექტრონების ნაკადია, ელექტროშოკი, რომელიც მოკლე დროში ხდება. ქუხილი, თავის მხრივ ხმაურია, რომელსაც ახლომდებარე ჰაერის სწრაფი გაფართოება და შეკუმშვა იწვევს.

16. თუ კოსმოსში სკაფანდრის გარეშე გახვალ, აფეთქდები

ყველას გვახსოვს სცენა სამეცნიერო ფანტასტიკიდან „ყველაფრის გახსენება“, რომელშიც არნოლდ შვარცნეგერს, კოსმოსში უსკაფანდროდ ყოფნისას, თვალები ბუდიდან უვარდება. რალურად, ჩვენს სხეულს კოსმოსში ასეთი რამ არ დაემართება.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საგნის გარე წნევა თუ უფრო მაღალია, ვიდრე შიდა, საგანი ბუშტის მსგავსად აფეთქდება. ანუ, თუ ადამიანს ჩვენი ატმოსფეროს ზეწოლის გარეთ გავიყვანთ, იგი აფეთქდება. სტენლი კუბრიკმა რეალობა საუკეთესოდ გვაჩვენა 2001 წლის ფილმში „კოსმოსური ოდისეა“, რომელშიც ასტრონავტი ბოუმენი კოსმოსში ჩაფხუტის გარეშე გადარჩა. არ შეეძლო სუნთქვა, თუმცა მისი თავი ბუშტივით არ გამსკდარა.

კანი და სისხლძარღვთა სისტემა ჩვენს სხეულს წარმოუდგენლად კარგად იცავს.

ასე რომ, კოსმოსში უსკაფანდროდ (რომელიც ტემპერატურის ცვლილებისაგან გვიცავს) გასვლის რეალურ საშიშროებას უჟანგბადობა წარმოადგენს. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ ვისიამოვნებდით. უჩაფხუტო ასტრონავტი 15 წამში გონებას დაკარგავს.

დატოვე კომენტარი