16 დეკემბერს ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება - ნიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT
16 დეკემბერს ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება - ნიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT

16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ნიონში, ერთა ლიგის მესამე გათამაშების წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გვეცოდინება.

ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრები მე-3 კალათაშია განთესილი და შესაბამისად, C ლიგაში ითამაშებს. ანუ, არანაკლებ ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, ვიდრე წინა გათამაშებაში, როდესაც ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან მოხვდა. მაშინ „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის პირველი გათამაშების ფინალისთვის ემზადებოდნენ, რეალურად კი ეს გათამაშება ჩააგდეს და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს.

C ლიგა

I კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია

II კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია.

III კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო.

IV კალათა: ყაზახეთი/მოლდოვა, კვიპროსი/ესტონეთი, გიბრალტარი, ფარერების კუნძულები.

ეს განაწილება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ლიეტუვას, აზერბაიჯანსა და კოსოვოს ვერ შეხვდება, რადგან ისინიც მე-3 კალათაში მოხვდნენ. ყაზახეთი-მოლდოვას და კვიპროსი-ესტონეთის პლეი ოფის მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება. გამარჯვებულები C ლიგაში ითამაშებენ, დამარცხებულები – D ლიგაში.

ერთა ლიგაზე რეიტინგში მიხედვით, ოთხ ლიგაში გადანაწილებული უეფა-ს 55-ივე წევრი ქვეყანა ითამაშებს – A, B და C ლიგებში 16-16 ეროვნული გუნდი მოხვდება და თითოეულ ლიგაში 4 4-გუნდიანი ჯგუფი შედგება. D ლიგაში 7 გუნდია და კი ორ ჯგუფად გაიყოფა – ერთში 4 გუნდი იქნება, მეორეშიც – 4.

ჯგუფური ეტაპის მატჩებს გუნდები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში სახლში და სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გამართვის გამო, ერთა ლიგის ექვსი ტურიდან ოთხი ივნისში გაიმართება.

A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2023 წლის ივნისშია დაგეგმილი. B, C და D ლიგების ჯგუფის გამარჯვებულები ერთი ლიგით მაღლა დაწინაურდებიან. A და B ლიგებში ჯგუფების ბოლოადგილოსნები ერთი ლიგით დაქვეითდებიან. C ლიგაში მეოთხე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში 2024 წლის მარტში ითამაშებენ. გამარჯვებულები დარჩებიან C ლიგაში, დამარცხებულები D ლიგაში დაქვეითდებიან.

ძირითადი თარიღები

1 და 2 ტურები: 2-8 ივნისი, 2022 წელი

3 და 4 ტურები: 2022 წლის 8-14 ივნისი

5 და 6 ტურები: 2022 წლის 22-27 სექტემბერი

დასკვნითი ეტაპის გათამაშება მოგვიანებით განისაზღვრება

ნახევარფინალები: 2023 წლის 14 და 15 ივნისი

ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის: 2023 წლის 18 ივნისი

C ლიგის პლეი ოფები: 21-23 და 24-26 მარტი 2024 წ.

ევრო 2024-ის კვალიფიკაცია

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ჯერ არ არის დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ცნობილი, თუ როგორ შეუძლიათ გუნდებს ევრო 2024-ის პლეი ოფში 2022/23 ერთა ლიგის მეშვეობით გასვლა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ფორმატი, სავარაუდოდ, 2022 წლის ივნისში გამოცხადდება.