16 აპრილს დარასელიას თასის გათამაშება იწყება - მთავარი პრიზისთვის შვიდი ქვეყნის გუნდი იბრძოლებს
16 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ. თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ტურნირთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი არჩილ კეკელია და დარასელიას თასის პარტნიორები და სპონსორების წარმომადგენლები წარდგნენ.
ტურნირის პარტნიორები არიან თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სფფ. მხარდამჭერები – ფეხბურთის განვითარების ფონდი, ასევე რამდენიმე კერძო კომპანია. დარასელიას თასის გათამაშების ინიციატორი კი „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფიაა.
ვიტალი დარასელიას სახელობის თასისთვის ორი ქართული და ექვსი ევროპული გუნდი იბრძოლებს. თბილისის დინამოსთან A ჯგუფში მოხვდნენ ვულვერჰემპტონი (ინგლისი), ემპოლი (იტალია) და ციურიხი (შვეიცარია), ხოლო B ჯგუფში – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია, კიევის დინამო (უკრაინა), როტერდამის ფეიენოორდი (ჰოლანდია) და ბრაგა (პორტუგალია).
ჯგუფური ეტაპის და ნახევარფინალური მატჩები ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის (ლუბლიანას ქ. 62 ) სტადიონზე გაიმართება, ფინალს კი 21 აპრილს, 17:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
ხვალ პირველი მატჩი 12:00 საათზე დაიწყება. 16:00 საათზეე სფფ-ს აკადემია „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 20:00 საათზე – „დინამო“ „ციურიხს“ შეხვდება.