15-წლამდე ნაკრებმა მოგება ხელიდან გაუშვა - ცხრა კაცით დარჩენილმა მოლდოვამ პენალტების სერია მოიგო #1TVSPORT
15-წლამდე ნაკრებმა მოგება ხელიდან გაუშვა - ცხრა კაცით დარჩენილმა მოლდოვამ პენალტების სერია მოიგო #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარა და მოგების რეალური შანსი ბოლო წამებზე გაანიავა.

მატჩში ანგარიში მოლდოველებმა მე-17 წუთზე გახსნეს. გოლი ნიკიტა კარაგეორგიმ გაიტანა, რომელიც 36-ე წუთზე გააძევეს. ამით ჩვენმა გუნდმა მალე ისარგებლა და მე-40 წუთზე ლუკა წულაია ანგარიში გაათანაბრა (ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა).

მეორე ტაიმის დასაწყისში, 41-ე წუთზე (ტაიმები 40-წუთიანია) მოლდოველები 9 კაცით დარჩნენ – არბიტრმა მოედნიდან დავიდ დიმიტრიშინი გააძევა და მე-60 წუთზე, საქართველოს 15-წლამდე ნაკრები გიგი გლუნჩაძემ პენალტით დააწინაურა.

მაგრამ 9 კაცით მოთამაშე მოლდაველებმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 81-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – გოლი დანილა დიმიტრიშინის ანგარიშზეა – 2:2. ტურნირის დებულების მიხედვით, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, გუნდებმა პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს, რომელიც მოლდაველებმა უკეთ შეასრულეს 6:7.

ძირითად დროში დაფიქსირებული შედეგის გამო, საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მოლდოველებმა პენალტების სერიაში გამარჯვებით დამატებითი 1 ქულა მიიღეს და 2 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები, 4 ქულით მეორე ადგილზეა – გიორგი ჩიტაურის გუნდი 12 მაისს მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება და პირველობის მოპოვებას შეეცდება. მასპინძლებმა მეორე შეხვედრა ლიბანთან 2:1 მოიგეს, ისევე როგორც პირველი მატჩი მოლდოვასთან და 6 ქულით პირველ ადგილზე არიან.