14 წლის იტალიელ ფეხბურთელს ქალი მსაჯის შეურაცხყოფისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს
22 მაისს, ვენეციის რეგიონის ქალაქ მესტრეში მიმდინარე 14-წლამდელთა საფეხბურთო მატჩის დროს, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ქალი მსაჯის, ჯულია ნიკასტროს თვალწინ შორტი ჩაიწია და უცენზურო ჟესტი უჩვენა მას, რისთვისაც ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ტრეპორტის“ მოთამაშეს ნერვებმა იმის გამო უმტყუნა, რომ მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა, მისი გუნდის კარში კი 11-მეტრიანი დანიშნა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ამ ფაქტს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ სასჯელი ფეხბურთელს გაუნახევრდება, თუ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვას დათანხმდება.
22 წლის ჯულია ნიკასტრო ვენეციელია და 14-წლამდელთა დონეზე ორმოცამდე მატჩში უმსაჯია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩის დროს მას გულშემატკივრებიც აყენებდნენ შეურაცხყოფას.
საფეხბურთო კლუბმა „ტრეპორტიმ“ მსაჯს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში.