13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა - ტრაგედიის შემდეგ ხალხში ერთსულოვნება იყო, ასეთი ერთსულოვნება 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს
13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა - ტრაგედიის შემდეგ ხალხში ერთსულოვნება იყო, ასეთი ერთსულოვნება 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ხალხში ერთსულოვნება იყო, ასეთი ერთსულოვნება 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს, – ამის შესახებ სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა განაცხადა.

ამასთან, გიორგი ჯიბუტის თქმით, იმის გამო, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან რთულად მისასვლელი გზაა, თბილისის მერ კახა კალაძეს მემორიალთან რამდენიმესაფეხურიანი კიბის გაკეთება სთხოვა.

„ძნელია გახსენება. ეს იყო შემზარავი დღე არამარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მახსოვს, როგორ მდგომარეობაში იყო ქალაქი. განსაკუთრებით მახსოვს ტრაგედიის შემდეგ როგორი ერთსულოვნება იყო ხალხში, ასეთი ერთსულოვნება ჩვენ 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს. მადლობელი ვარ ხსოვნისთვის, რომელსაც იჩენს საზოგადოება და ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩემი ოჯახისთვის მთავარია, გვახსოვდეს ივლიტა და ყველა დაღუპული ადამიანის ხსოვნა იყო ჩვენს გულებში. ჩვენ შევქმენით ივლიტას სახელობის ფონდი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აწარმოებს, ეხმარება სხვა სკოლის მოსწავლეებს, ასევე ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას. გუშინ გადავეცით ივლიტას სახელობის ჯილდოები ილიას სახელობის სტუდენტებს. თბილისი მერს შარშან ვთხოვეთ ჯვრისა და სკამების გაკეთება, გაკეთებულია. ეს ადგილი რთულია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ყველგან ბორდიურებია, ამიტომ ვთხოვე მას გზიდან ჩამოსასვლელი რამდენიმესაფეხურიანი კიბის დამონტაჟება, ადვილად რომ მოვხვდეთ ამ ადგილზე. ყოველთვის მოვდივართ და ყვავილები მოგვაქვს. იცით, რომ ორი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და მათი მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების საფლავი აქ არის“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.